logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ექნება ყველა მექანიზმი, რომ ჩვენ ქვეყანაში გაცემული დიპლომები აღიარებული იყოს ევროკავშირში
- +

3 მაისი. 2019. 11:43

 

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება საქართველოს განათლების სისტემისთვის ისტორიული მოვლენა და ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.

 

„ჩვენ დავუახლოვდით ევროპულ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ განათლება არის მთავარი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში.

 

„ეს არის დიდი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით. მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა, მას შემდეგ, რაც დავაანონსეთ ახალი განათლების რეფორმა, ეროვნული იდეა. ეს უკვე გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს, არის დიდი პასუხისმგებლობა. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი. მაქსიმალური ფოკუსი უნდა გვქონდეს გაკეთებული ხარისხზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება, რომ ის არის ვალიდური და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. მომავალ თვეებში ინტენსიური მუშაობა გვექნება უნივერსიტეტებთან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც არის ისტორიული მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტები შეძლებენ მეტ დაახლოებას. იქნება მაქსიმალური მობილურობა ქართველ სტუდენტებსა და პროფესორებს ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება დამატებით ფინანსურ რესურსთან. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ეროვნული იდეის ფინანსური პარამეტრები. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მივმართავთ განათლებაზე და ეს არის ბიუჯეტის მეოთხედი. დარწმუნებული ვარ, „ენკაში“ გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში განათლების სტანდარტი იყოს მაღალი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება.  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner