„საქართველო, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ თანახმად, 2019 წელს დასახელდა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ე.წ. სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ინვესტორებთან. ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით ასევე იყოს პოზიციონირებული როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა“, - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ „კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
აღნიშნული ჯილდოს კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ინიციატივით და მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და ბიზნესის ჩართულობის წახალისებას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.
დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი, აგრეთვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია.
კონკურსში წარმოდგენილი იყო საქართველოში მოღვაწე კომპანიების 53 პროექტი შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშო გარემო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, SDG პიონერი. გამარჯვებულები დაასახელა ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა მრავალსექტორულმა ჟიურიმ.
დაჯილდოებას დაესწრნენ ბიზნესის, ასევე, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019“ მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.