ბულვარში საზაფხულო სეზონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ოფიციალურად გახსნა. ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიასა და ბულვარის ახლად რეაბილიტირებულ ხეივნებში, მასშტაბური კონცერტი და გასართობი პროგრამა დაიწყო. გახსნის ცერემონია დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ შადრევნებთან, წყლის ფარდის შოუთი გაიხსნა.
სეზონის გასხნასთან დაკავშირებით, ბულვარის სასეირნო ბილიკები საზეიმოდ არის მორთული, მცირე სცენაზე კი, ბათუმური ბენდები „Nemo", „Strawberry Fields", „Sound Lab" და მოსიარულე დრამერები უკრავენ.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც.
ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.
დღეს ბათუმის ტურისტები შეძლებენ უფასოდ მოინახულონ გონიოს ციხე, ნობელების მუზეუმი, არქეოლოგიური და მუნიციპალიტეტებში არსებული სხვა მუზეუმები. სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ დამსვენებლები ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანსპორტით - იახტებით, პარაშუტებითა და კატამარანებით. ბათუმის ულამაზესი ხედების დათვალიერების მსურველებს უფასო გასეირნებას შესთავაზებს „ეშმაკის ბორბალიც", რომელიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო და ღამის 03:00 საათამდე გაგრძელდება.