ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის აზრით, ტექნიკის მაღაზიების მიერ შიდა განვადების დროს, თუკი ის „თვისობრივად სესხის ხასიათს მიიღებს“, შესყიდვით დაინტერესებული პირის შემოსავლების გადამოწმება უნდა მოხდეს.
ტექნიკის მაღაზიების მიერ მოქალაქეებისთვის შიდა განვადების შემოღების საკითხზე დასმულ კითხვას გვენეტაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა.
„უნდა გავითვალისწინოთ, თუ თვისობრივად რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ფიზიკური პირების ვალდებულებებით დატვირთვა ხდება ისე, რომ არ ხდება მათი შემოსავლის გადამოწმება, ეს თვისობრივად იგივეა, რაც საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემა და აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ამ დებულების გვერდის ავლის საშუალება. თვისობრივად, თუ ეს არის სესხი, მან უნდა დააკმაყოფილოს ეფექტური განაკვეთის მოთხოვნა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირობები და ამავე დროს, უნდა მოხდეს ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების გადამოწმება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.