„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე წერს:
„ჟურნალისტი მირეკავს. მეკითხება, ქალბატონო ირმა, რობისთან იყავით?! ვზივარ ათობით ადამიანის გარემოცვაში, ტვინი ჩაიდანივით დუღს, გაშლილია ფურცლები, ჩართულია ტელევიზორი, რადიო, კომპიუტერი, დამლაგებელი მტვერსასრუტით დადის...
ჩვენი სამეურნეო ნაწილის გიგანტი ზაური ტრადიციულად უადგილო ადგილზე არჭობს ლურსმანს და ჩაქუჩს ხელში ირტყამს. რიგში კიდევ ერთი ამდენი კაცი მიცდის... რობი კი არა, რომ მკითხონ, რა მქვია, დავფიქრდები. მომკალით და ვერ ვიხსენებ რობის. ისიც მრცხვენია, ვიკითხო, ვინაა ეს დალოცვილი, ან მასთან რატომ უნდა ვყოფილიყავი საერთოდ...
„რობისთან მე არ ვყოფილვარ და რამე ხომ არ გეშლებათ, ის ხომ არ იყო ჩემთან მოსული?" კითხვას ვუბრუნებ ჟურნალისტს. „ქალბატონი ირმა ხართ თუ ნომერი შემეშალა?!" ტუუუუუუ...
ეჰ, შვილო, ნომერი კი არ შეგეშალა, მე შეგეშალე იმ ნორმალურ ხალხში, ვინც ცხოვრებაში კონცერტზე წასვლასაც ასწრებს, ჰაერზე გასეირნებასაც, მეგობრების წრეში მოლხენასაც, სამსახურსაც საღამოს 7 საათზე ამთავრებს და შვებულებაშიც გადის, როცა გარეთ 45 გრადუსი სიცხეა. და პომადასაც დღის ბოლომდე „სვეჟად" ინარჩუნებს... თურმე, დღეში რამდენჯერმე ისვამენ. ეჰ, რობი, რობი..."- წერს ირმა ინაშვილი.