logo_geo
eng_logo
შშმ პირებისთვის შესაბამისი სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ჯარიმები ამოქმედდება
- +

3 მაისი. 2019. 17:39

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობის, არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

 

შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი ბერაია და ვანო ზარდიაშვილი არიან.

 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით და დადგენილია შემდეგნაირად:

 

თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე: პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის –12 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით;

 

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით;

 

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.

 

კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით მითითებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30 დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

 

კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება არანაკლებ 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით.

 

კანონპროექტი ასევე არეგულირებს აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხსაც.

 

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ აღნიშნული უნდა მოხდეს კანონის მისი ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ობიექტებზე სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდება საერთო წესების მიხედვით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner