თბილისის მერია მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ირგვლივ არსებულ დავაზე ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
„Imedinews“-ს მერიაში განუცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მშენებლობა დროებით შეჩერდა.
„ეს არის 2014 წელს გაცემული ნებართვა. მერია და გამგეობა ხვდება მოსახლეობას. აქვს მათთან აქტიური კომუნიკაცია. მოლაპარაკების შედეგად, მშენებლობა დროებით გაჩერებულია, ვიდრე არ მოხდება იურიდიულ საკითხებში გარკვევა და ასევე, ადგილზე შეფასება ურბანული კუთხით.
უნდა აღინიშნოს, რომ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც ბინები წინსწრებით აქვთ ნაყიდი. აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარის ინტერესი. საბურთალოს გამგეობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში“,- თქვეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.
ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
აქცია მოსახლეობამ 20 აპრილსაც გამართა.
დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში მაშინ განმარტავდნენ, რომ მშენებლობაზე ნებართვა 2014 წელს, კანონის სრული დაცვით არის გაცემული.