logo_geo
eng_logo
აჭარაში, ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედებებში ბრალდებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოათავსეს
- +

4 მაისი. 2019. 17:02

 

 

როგორც შსს-ში და პროკურატურაში აცხადებენ, 22 თებერვალს ბათუმში დაკავებული ბრალდებული ნ.მ. 1 წლისა და 6 თვის ვადით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული.

 

მიმდინარე წლის 22 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარყვნილი ქმედების და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

 

 

სამართალდამცველები ნ.მ.-ს ორი არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას და იძულებას ედავებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანის მიმართ დაკავებულმა მიკროავტობუსით მგზავრობისას განახორციელა გარყვნილი ქმედება, მეორე დღეს კი სკოლაში მიაკითხა. მანდატურმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცხო პირი, რომელიც ბავშვებს ესაუბრებოდა, საეჭვოდ მიიჩნია და ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. სწორედ ეს შეტყობინება დაედო საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

 

 

გამოძიების პროცესში ასევე, გამოიკვეთა, რომ ნ.მ. რამდენიმე წლის განმალობაში ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვანი ნათესავის მიმართ. პოლიციამ ნ.მ. ბათუმში დააკავა.

 

 

დაკავებულს 23 თებერვალს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო 24 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2019 წლის 25 თებერვალს, ბრალდებულ ნ.მ.-ს მიმართ დაინიშნა სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც მას აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბრალდებულს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა.

 

 

აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 3 მაისს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და ფსიქიატრიული დახმარების შესახებ.

 

 

ნ.მ. 1 წლისა და 6 თვის ვადით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით მოთავსებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner