საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალის „ხიდი“ პრეზენტაციას უმასპინძლა.
ჟურნალის დამფუძნებელი და რედაქტორი არის სვეტიცხოვლის საპატრიაქრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია. ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს, რათა მათ ცნობილი ტრაგიკული მოვლენების მიზეზების ერთად გააზრება შეძლონ. პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ჟურნალის აღდგენა ძალიან სიმბოლურია, რადგან კულტურა არის ის ნამდვილი ხიდი და ჯაჭვი, რომელიც გვაერთიანებს.
,,ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრწყინვალე შვიდეულში საშუალება გვაქვს ჟურნალის ,,ხიდი" პრეზენტაცია მოგვეწყო. ხშირად აფხაზეთს ვიხსენებთ უფრო ტრაგიკული კუთხით, ან სოხუმის დაცემის დღეს, ან გმირების გასახსენებლად. მინდა, რომ ამ შვიდეულში ჩვენ სხვანაირად გავიხსენოთ აფხაზეთი - ცოცხლად და იმედიანად. ჟურნალს ძალიან კარგი სახელი აქვს - ,,ხიდი“, ეს ჟურნალი ადრეც გამოდიოდა. ჩვენ ვისარგებლეთ პრეზიდენტის ფონდით, რომლის ნარჩენები კიდევ არსებობდა, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს და ეს იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ ამ ფონდიდან. იმედი მაქვს, რომ მომავალში აღდგება ეს ფონდი, ან რაღაც მისი ნაწილი, რათა შესაძლებელი იყოს ასეთი ინიციატივების დაფინანსება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, რომელსაც კონსტიტუციით აქვს ვალდებულება დაიცვას აფხაზური ენა და არის პრეზიდენტი ყველა აფხაზის და ყველა იმ ხალხის, რომლებიც ცხოვრობენ იქ, ჩვენს ტერიტორიაზე. ეს (ჟურნალის აღდგენა) ძალიან სიმბოლურია, რადგან კულტურა არის ის ნამდვილი ხიდი, ის ჯაჭვი, რომელიც გვაერთიანებს. იმედი მაქვს, რომ ასეთი საღამოებითა და ერთად ყოფნით ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით მშვიდობიანი გამთლიანების მიმართულებით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.