საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის „საკმაოდ სერიოზულად" გამყარებას ელოდება. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეინიშნება, რაც კურსის დასტაბილურების იმედს იძლევა.
„მე მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ნამდვილად ასე იქნება და ლარი აუცილებლად გამყარდება.
გაცვლით კურსზე ბიუჯეტი ზეწოლას არ ახდენს და კურსის ცვალებადობა პრაქტიკულად სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ხედავთ, თუ რა რთული ეკონომიკური მდგომარეობაა ჩვენს გარეშემო. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ გაცვლითი კურსის ცვალებადობის წინააღმდეგ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.