ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 120 ობიექტს დარტყმები მიაყენა. ისრაელის მედიის ცნობით, ეს საპასუხო ნაბიჯი იყო ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაზე.
ისრაელის არმიამ „ჰამასის“ დაზვერვის შტაბი დაბომბა და გაანადგურა „ისლამური ჯიჰადის“ მიწისქვეშა გვირაბები.
დღეს ისრაელში არ მუშაობენ დაწესებულებები და სკოლები იმ ქალაქებში, რომლებიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარეობენ. მუშაობენ მხოლოდ ის დაწესებულებები, სადაც თავშესაფრებია მოწყობილი.
4 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელს დაახლოებით 220 რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ „რკინის გუმბათი“ ჩამოაგდო.