ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხედროებს უბრძანა ღაზას სექტორის ტერორისტულ სამიზნეებზე განაგრძონ მასობრივი საპასუხო დარტყმები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავად განაცხადა.
„დილით ისრაელის თავდაცვის ჯარს ვუბრძანე, გააგრძელონ მასობრივი დარტყმები ღაზას სექტორის ტერორისტულ ელემენტებზე, ასევე გაგზავნონ საზღვართან დამატებითი ჯავშანსატანკო შენაერთები, არტილერია და ქვეითი ჯარი“, - განაცხადა ნათანიაჰუმ.
მისი თქმით, „ჰამასი“ არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ თავის შეტევებზე, არამედ „ისლამური ჯიჰადის“ ქმედებებზეც.
„ჰამასი ამისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით 450 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის არმიამ საპასუხო „ჰამასს“ და „ისლამურ ჯიჰადს“ საპასუხო დარტყმები მიაყენა.