ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში, რომელიც პოლონურ ყოველკვირეულ გამოცემაში, 1992 წელს დაიბეჭდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერს ზვიად გამსახურდიას „კავკასიელ ჰუსეინს“ უწოდებს და მას „უღირს პრეზიდენტად“ მოიხსენიებს.
„სამარცხვინო პრეზიდენტი“ – კავკასიელი ჰუსეინი
„საქართველო დიქტატორების სამშობლოა (ინკუბატორია). ჯერ იყო სტალინი და ბერია, ახლა გამსახურდია გამოჩნდა“, – ბოროტად ეხმაურებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ჟურნალისტები თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამოქალაქო ომი საქართველოში მოსკოველი კონსერვატორებისთვის ნამდვილად „წისქვილზე წყლის დასხმა“ იყო, მტკიცებულება იმისა, რომ იმპერიის ნანგრევებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკა ვერ მიაღწევს დემოკრატიამდე და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობამდე.
გამსახურდიას შემთხვევამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია გზა სუვერენიტეტიდან დემოკრატიამდე. 52 წლის ზვიად გამსახურდიამ, ცოტა ხნის წინ ტრიუმფატორმა და საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა, რამდენიმე თვის განმავლობაში მოახერხა წინააღმდეგ განეწყო საზოგადოების დიდი ნაწილი, კერძოდ ის ხალხი, რომლებმაც მას ყველაზე მაღალი ფუნქცია მიანიჭეს სახელმწიფოში გასული წლის მაისში, 90%-იანი მხარდაჭერით. სიტუაციის პარადოქსი ისაა, რომ ლეგენდარულმა დისიდენტმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჰელსინკის კომიტეტის დამფუძნებელმა და მრავალი ადამიანის თვალში, „ერის მხსნელმა“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავის წინამორბედთა მეთოდებით იხელმძღვანელა, სუვერენული მმართველობა დევნიდან დაიწყო.
სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც იგი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა პრეზიდენტობასთან დაკავშირებულ აღფრთოვანებად გადაიქცა და მისი მთავრობის კრიტიკა კრემლის აგენტების საქმიანობად აქცია. თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ნაკლებობამ, საგარეო პოლიტიკაში შეცდომებმა, განსაკუთრებით მოსკოვის გადატრიალების და ქვეყანაში ტერორის მატების ფონზე, გამსახურდიას მხარდამჭერთა რიცხვის შემცირება გამოიწვია. იგი მიატოვეს მისმა ყოფილმა კოლეგებმა (მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ) და ოპოზიციის პერიოდიდან მოყოლებულმა მეგობრებმა. იმის გათვალისწინებით, რომ ფილოლოგი გახლდათ, გამსახურდიას პოლიტიკურ ლექსიკონში გაჩნდა შეუფერებელი ეპითეტები: „მაფია“, „კრემლის აგენტები“, „ბნელი ძალები“, „ბანდა“, „გიჟების კლუბი“ და ა.შ.
ანეკდოტად იქცა უკვე, თბილისში გამართული ბოლო პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ამერიკელ კორესპონდენტს გამსახურდიასთვის შეკითხვის დასმა სურდა აშშ-ს კონგრესთან ურთიერთობის შესახებ. როგორც კი პრეზიდენტს მოესმა სიტყვა „კონგრესი“ ქართულ ოპოზიციურ მოძრაობად – „ეროვნულ კონგრესად“ აღიქვა, შეაწყვეტინა ჟურნალისტს და მთელ დარბაზში წამოიყვირა: ,,არ არსებობს კონგრესი! ეს მხოლოდ ფსევდო-ყრილობაა, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ძალაუფლებისგან ჩემი ჩამოშორება სურს“.
გამსახურდიას N1 პირადი მტერია ედუარდ შევარდნაძე, მისგან „თეთრ მელად“ წოდებული. სავარაუდოა, რომ მისი და გორბაჩოვის მიზეზით შეიკავეს თავი დასავლეთის ქვეყნებმა და აშშ-მ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისგან. საგარეო პოლიტიკაში საკუთარ მარცხს გამსახურდია შევარდნაძე-ბუშის შეთქმულებით ხსნიდა. დიპლომატიის ისტორიაში „უპრეცედენტო“ დემარში განახორციელა და ამერიკელ ხალხს მოუწოდა, თავიანთი „სამარცხვინო პრეზიდენტი“ („უღირსი პრეზიდენტი“, „NIEGODZIWEGO PREZYDENTA“) გადაეყენებინათ.
„ბუშის წინააღმდეგ“ - ასეთია, ასევე გამსახურდიას ყველაზე ერთგული მიმდევრების, ე.წ. შავი ქალბატონების ერთ-ერთი პოსტერის სლოგანი. ეს არის 100 კაციანი ფანატიკოსთა ჯგუფი, რომლებმაც პირობა დადეს პრეზიდენტი დაიცვან და „ბრძოლის“ პერიოდში შავი კაბებით შეიმოსნენ, მაშინ, როდესაც გამსახურდია ბუნკერში იმალებოდა, მეომარმა ქალებმა პარლამენტის შენობის გარშემო საკუთარი კარვები გაშალეს და საყვარელ პრეზიდენტს ცოცხალი ფარი შეუქმნეს. არაერთმა ოპოზიციონერმა გვარდიელმა იწვნია საკუთარ თავზე მათი კლანჭები (ფრჩხილები)… ახლა კი, შავმა ქალბატონებმა მოქმედების სფერო შეცვალეს და გამსახურდიას დაბრუნებას მოითხოვენ, ხოლო შევარდნაძის ჩასვლის წინააღმდეგნი არიან. ამ ფაქტს პიკანტურობას ამატებს, ის რომ გამსახურდია მუდმივად ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია შთაგონებული და მართული იყო შევარდნაძის მიერ და ყველა კონფლიქტი მოსკოვიდან იმართებოდა.
შევარდნაძისთვის გარკვეული სახელმწიფო ფუნქციის დაკისრების თაობაზე ქართული ოპოზიციის მზადყოფნა ადასტურებს ამგვარი ბრალდების აფსურდულობას და ისტერიულ პრეზიდენტს ავთენტურს ხდის ხალხის თვალში. თუმცა, შევარდნაძის დღევანდელი მხარდამჭერები არიან ყოფილი ოპონენტები, დისიდენტები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ მისი საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნობის დროს, ხოლო გამსახურდიას ამჟამინდელი ხალხი კი შევარდნაძის ყოფილი პარტიის აპარატის წევრები გახლავთ, აი ასე ირონიულად დასცინა ისტორიამ თავის გმირებს.
ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც დაიწყო თავისი კარიერა, როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა და დასრულდა, როგორც დიქტატორმა. მეორე – სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თვით გამსახურდია უზურპატორობდა სრულ უფლებამოსილებებს მიუხედავად კონსტიტუციით განსაზღვრულისა (გამსახურდია თავად აძლევდა საკუთარ თავს გადამეტებულ უფლებამოსილებებს, კონსტიტუციის უგუნებელყოფით). მესამე – სამხედრო საბჭოს სათავეში ჩაუდგნენ მწერალი (ჯაბა იოსელიანი) და მოქანდაკე (თენგიზ კიტოვანი)“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.