logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ნებისმიერი სტუმრისთვის ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან
- +

6 მაისი. 2019. 11:19

 

„საქართველო გახლავთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ბოლომდე შეიგრძნოს მისი ისტორიის ხანგრძლივობა, მნიშვნელობა და უნიკალური კულტურა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის „საქართველო, ევროპა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძის თქმით, სრულიად განსაკუთრებულია საქართველოს გეოგრაფია, რადგან ევროპისა და აზიის შესართავზე საქართველო საუკუნეების განმავლობაში ერთგვარი ხიდის როლს თამაშობდა.

 

„საქართველო ამაყობს თავისი კულტურით, ძველი ტრადიციებით. საქართველო გახლავთ ზუსტად ის ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ბოლომდე შეიგრძნოს მისი ისტორიის ხანგრძლივობა, მნიშვნელობა და უნიკალური კულტურა. ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების სიღრმიდან მომდინარეობს და სწორედ ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულობას. ქართულ კულტურას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა მრავალფეროვანი ისტორია, რამაც უზრუნველყო ძლიერი ეროვნული თვითმყოფადობა და ხელი შეუწყო საქართველოში კულტურის განსაკუთრებულობის აღქმას. სრულიად განსაკუთრებულია ჩვენი გეოგრაფიაც, ევროპისა და აზიის შესართავზე საქართველო საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა ერთგვარი ხიდის როლს. ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო საყრდენი საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს.

 

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ქართველი ერის არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი ამ მიზეზის გამო. დარწმუნებული ვარ, ამ ფორუმით დაიწყება დიალოგების სერია, რომელიც შეკრებს სხვადასხვა ევროპულ კულტურასა და ევროპულ კულტურათა ამ მრავალფეროვნებაში წარმოადგენს ქართული ევროპული კულტურის როლს. მე დავავალე განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ დაგვეწყო ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა და, ბუნებრივია, ეს ფორუმი გახდება ტრადიციული. ეს კამპანია იქნება ტრადიციული. ჩვენი ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი ვართ და, ბუნებრივია, ამის შესახებ მეტი საუბარია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, 2018 წელს საქართველო იყო საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წარმატებით წარმოჩნდა საქართველოს კულტურა.

 

„უკვე წლებია, ქართველი მწერლები აქტიურად მონაწილეობენ მრავალ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, მათ შორის ლონდონსა და ლაიფციგში, ეროვნული პავილიონით ვმონაწილეობთ ასევე ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე. ასევე ყოველწლიურად იმართება თანამედროვე ფილმების ჩვენებები კანოს, ბერლინის, ლოკალნოს, სან სებასტიანის და სხვა მნიშვნელოვან ფესტივალებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner