საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პრემიერ-მინისტრს და ფორუმის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა საინტერესო გამოსვლებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ერების თანამეგობრობაში აუცილებლად ღირსეული ადგილის დაიმკვიდრებს, რადგან ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებაა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ ინტელექტუალური ცხოვრების ყველა სფეროში, თითოეული ჩვენგანის საქმიანობა უმთავრეს მიზანს ემსახურება: გავაღრმავოთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, და ამავდროულად, განვამტკიცოთ ევროპული ცხოვრების წესი.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ ნაწილი, არამედ ევროპული ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შექმნის აქტიური თანამონაწილე. ყველაზე უკეთ ეს ჩვენს თვითმყოფად, ევროპულ, უძველეს კულტურასა და ტრადიციებში ჩანს.
კულტურა დღესაც უძლიერესი ინსტრუმენტია ფასეულობათა დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო მასშტაბით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისა და წინსვლისთვის. მეტი განვითარებისთვის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობა.
სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება ჩვენი სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ორგანიზებული პროექტი „საქართველო, ევროპა”,რომელსაც დღევანდელი ფორუმით ვიწყებთ. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება პლატფორმა ქართველებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს შორის დიალოგის, თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.