„ბრავო რექორდსი“ ივნისის შუა რიცხვებში სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა „პერიფრაზი”. 28 ივნისს, კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერით „სპორტის სასახლეში“ ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულია. სოფო მან პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი არის თამამი და ამავე დროს ფრთხილი. ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი, არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე.
სოფო ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს ამჟამად, კი ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.
სადებიუტო ალბომში შესული იქნება პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „რა კარგი ხარ რა კარგი“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „ქარი ქრის“; „იეზიდი“; „ადანდალი დანდალი“ და „გიყიდი ფაჩუჩებს“.
პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას იღებენ: ბენდი „ნიუტონი“ - შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სხვა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (sighning party).