"პაატა ბურჭულაძის განცხადება, თითქოს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში გირგვლიანის გვარის გამოყენებით მოვიდა, ეს არასწორია და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა", - ამის შესახებ „აიპრესთან" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ განაცხადა.
"ქართული ოცნების" სათავეში ბიძინა ივანიშვილი იყო. ის იყო დამფუძნებელი, ის იყო ლიდერი. სწორედ მან მოახერხა საზოგადოების კონსოლიდაცია, სწორედ ივანიშვილმა მოახერხა, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დასრულებულიყო. ამ რეჟიმთან ბრძოლა ადვილი არ იყო. მანამდე არაერთი კოალიცია და გაერთიანება არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ ოპოზიციის ნებისმიერი გარეთ გამოსვლა და გაპროტესტება კრახით სრულდებოდა.
გირგვლიანის საქმე და რა თქმა უნდა, ჩვენი ასობით თანამემამულეების საქმე, შელახული უფლებები, ციხეში წამება, უფლება აყრილი მოქალაქეები, ეს ადამიანები ყველა ერთად გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მარტო პროტესტი და ქუჩაში გამოსვლა არ იყო საკმარისი.
ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, ძალისხმევა, საკუთარი სიცოცხლის და ოჯახის უსაფრთხოების სასწორზე დადება იყო საჭირო იმისთვის, რომ ის რეჟიმი დამარცხებულიყო. მაშინ სად იყო პაატა ბურჭულაძე?! სად იყო 2012 წელს?! სად იყო როცა გირგვლიანის დედა ქუჩაში გამოდიოდა?! ასეთი უბედურება ჭირდა საქართველოს და მაშინ სად იყო პაატა ბურჭულაძე?! მასთან სხვა კითხვა არ მაქვს", - განაცხადა კობახიძემ.