„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს, ეს არის მორიგი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანონ, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება“,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ტელეკომპანიას აქვს შეუზღუდავი საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი.
„ეს შეტევა „რუსთავი 2“-ზე კი არ არის, არამედ არის სცენარი „რუსთავი 2“-ის მხრიდან, თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი. „რუსთავი 2“ არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევებს ტელეკომპანიაზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავი 2“-ს აქვს შეუზღუდავი საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი. მეტსაც გეტყვით, აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ და მორალურ ნორმებს, მათ შორის ლანძღვა -გინება პირდაპირი ეთერის საშუალებით“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს.
ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.
„საგადასახადო შეთანხმებით გადასახადი 2010 წელს განულდა. განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც კომპანია დახვდა სავალალო მდგომარეობაში, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა. არც არსებობდა პრაქტიკულად ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს, არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წელს გაჩნდა ამ კომპანიაში რეალურად ბუღალტერია. 2012 წლის მეორე ნახევრიდან, 2013 წელს, მოდი, ასე ვთქვათ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.