logo_geo
eng_logo
„კულტურის ევოლუცია, როგორც მორალური მაგალითები“
- +

7 მაისი. 2019. 14:28

 

„Post Tv“-ის ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი 17 მაისთან დაკავშირებით ბლოგს აქვეყნებს.

 

„კულტურა ცოცხალი ორგანიზმია და ფორმები კულტურაში მუდამ იცვლება.

 

იყო პერიოდი, როდესაც ეპისკოპოსები წერდნენ და ილაშქრებდნენ სვანეთში მრავალცოლიანობის პრაქტიკის წინააღმდეგ და ეს დისკურსი საზოგადოების შიდა კულტურულ, მორალურ და სააზროვნო გამოცდილებებთან და ევოლუციასთან იყო დაკავშირებული. ამ დისკურსის შემდეგ, მრავალცოლიანობის პრაქტიკა ამ რეგიონში გაქრა, რადგან ეს პროცესი შიდა დისკურსთან, შიდა ავტორიტეტების და მაგალითების სიძლიერესთან იყო დაკავშირებული. ანუ ეს დისკურსი, მთლიანად აგებული იყო ქართულ კულტურის ისტორიულ ევოლუციის ლოგიკასთან.

 

ეს ლოგიკა გარკვეულ პრაქტიკებით, მაგალითებით, მორალური უპირატესობების დამტკიცებით და კიდევ უამრავი პროცესით ყალიბდება. ზოგადად, ფასეულობის სამყარო ყოველთვის მორალური უპირატესობის პრინციპზე ყალიბდება - როდესაც თემი არასწორია მორალურად, იქ ალუდა ქეთელაურის პრინციპი იმარჯვებს ყოველთვის, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ალუდას არასამართლიანად მოექცნენ, არასამართლიანი პრინციპი ყოველთვის უკან უბრუნდება საზოგადოებას. მორალური მაგალითები კი ყოველთვის საზოგადოების შეცვლის მექანიზმი იყო.

 

17 მაისი როგორც პარადიგმა

 

ეს ბლოგი გადავწყვიტე დამეწერა 17 მაისთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ დღეს ჩვენ კულტურაში მიმდინარეობს გარკვეულწილად კულტურული დაპირისპირება, ომი იმის შესახებ თუ ვის აქვს უფლება განსაზღვროს თუ რა არის ნორმა. ერთი მხრივ არის ლგბტ მოძრაობა, უფლებადამცველები და ზოგადად ე.წ პროგრესისტული ღირებულებების ადამიანები, მეორე მხრივ კი საპატრიარქო და საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც კონსერვატიულად არის განწყობილი. ერთისთვის ეს არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ხოლო მეორესთვის ეს დღე არის ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე.

 

აბსოლუტურად გასაგებია, რომ ამ ფორმატში დაპირისპირება მიმდინარეობს იმაზე, თუ ვის აქვს კულტურული ნორმებისა და ჭეშმარიტების დადგენის ჰეგემონია და ყოველთვის, როდესაც კულტურულ ნორმის შენარჩუნებაზე ან მის შეცვლაზეა საუბარი, დაპირისპირება გარდაუვალია ხოლმე.

 

ის, რომ ასეთ საკითხში კონფლიქტი გარდაუვალია, ამაზე არ დავიწყებ საუბარს, თუმცა მგონია, რომ შესაძლებელია კონფლიქტის ტემპერატურის დაწევა და გარკვეულწილად რაღაც გამოსავლის მოძებნის, რომ ერთი მხრივ სექსუალური უმცირესობების ადამიანების სიცოცხლე და უფლებები იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მათი კულტურული ღირებულებები დაცულია.

 

შიდა კოლონისტები და იდეოლოგიური კერპები

 

ამ დაპირისპირების დროს, პირველი, რაც თვალში მომხვდა იყო ის, რომ სუხიშვილების და სხვა მომღერლების მიმართ, რომლებიც საპატრიარქოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე აპირებენ მონაწილეობის მიღებას, დაიწყო მეორე ბანაკიდან დაშინებები, რომ მათზე ე.წ „რეპორტებს“ გააგზავნიდნენ დასავლეთში და მათ პრობლემა შეექმნებოდათ დასავლეთის სცენაზე გამოსვლის. ამ პროცესში შეახსენეს თამარ ივერის მაგალითი, რომელსაც მოუწია საჯაროდ ბოდიშის მოხდა, რომ რაღაცნაირად კვლავ დაბრუნებულიყო სცენაზე.

 

ჩემთვის გასაგებია, რომ კულტურულ ომში, მეორე მხარის მორალური დადანაშაულება ბუნებრივია და თუ მორალური უპირატესობა გაგაჩნია და მათ ადანაშაულებ როგორც მჩაგვრელებს, უსამართლობის ჩამდენებს და ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში იძულებული ხდებიან პატიებაც კი ითხოვონ (როგორც თავის დროზე გერმანელებს მოუწიათ პატიების თხოვნა არა მარტო ებრაელებისთვის, არამედ სხვა ხალხების წინაშეც), ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა და ქვეყნის კულტურის შიდა განვითარების ნაწილი იქნებოდა.

 

მაგრამ, როდესაც მორალური მაგალითი და უპირატესობა არ არსებობს, ხოლო სურვილი საზოგადოების შეცვლის საკმაოდ დიდია, ამ პერიოდში ჩნდება იდეოლოგიურ-კომკავშირული მიდგომები, ამ დროს ჩნდება პავლიკ მოროზოვები, რომლებიც შეიძლება დროებით იქცნენ იდეოლოგიის მიერ გამოცხადებულ მისაბაძ ნიმუშებად, კერპად, მაგრამ საზოგადოებაში და კულტურაში ვერასდროს მოხდება ესეთი ადამიანების და ესეთი ღირებულებების მიღება.

 

ამ პროცესში ყველაზე ცუდი ისაა, რომ იყენებ შენი ქვეყნის არადამოუკიდებელ მდგომარეობას, როდესაც შენი ქვეყანა მიბმულია სხვებზე და მათი საშუალებით გინდა საკუთარი საზოგადოების შეცვლა. ამით არა მარტო იმას უსვამ ხაზს, რომ შენ ორგანული ნაწილი არ ხარ შენი საზოგადოების, რადგან არ გაგაჩნია არც მორალური უპირატესობა და არც მიკუთვნება შენი საზოგადოების საერთოს მიმართ, არამედ იყენებს სხვას შენი საზოგადოების წინააღმდეგ, დაბეზღების, უცხოსადმი შიშის გაჩენის საშუალებით და ამას იყენებ სუხიშვილების მიმართ, რომლებმაც უკვე მრავალი ათწლეულია რაც შენი ქვეყნის კულტურას მსოფლიოს აცნობენ, ხოლო ამ დროს კი თვითონ წარმოადგენ პატარა ტუსოვკის ნაწილს და საქართველოს გარეთ ვერ ფუძნდები. მოკლედ ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა პირდაპირი განაცხადი, რომ სხვასთან ჩივილით მე არ მაქვს ლეგიტიმაცია, მე უსუსური ვარ და სხვების ძალით ჩემ საზოგადოების ნებას და ღირებულებას ვთრგუნავ. ეს სხვა არაფერია, გარდა კოლონისტის.

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მეთოდებით, არამარტო ვერ გაიმარჯვებენ, არამედ სწორედ ეს მეთოდი იქნება მათი დამარცხების მთავარი მიზეზი“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner