„სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები და რეკომენდაციები სულ მცირე მინისტრის ბრძანების დონეზე უნდა გაიწეროს - თუკი ნორმატიული აქტი ჯერ შემუშავებული არ არის, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მას ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან უახლოეს მომავალში ექნება საუბარი.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, რეკომენდაციები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიმუშავა, შესაბამისს ნორმატიულ აქტში უნდა ასახულიყო და სკოლის ადმინისტრაციების ინფორმირება სისტემურად მომხდარიყო. თუკი ნორმატიული აქტი ჯერ შემუშავებული არ არის, შესაბამისი ბრძანება სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს და მინისტრის ბრძანება და რეკომენდაციები აბსოლუტურად ყველა ექსკურსიაზე გავრცელდეს, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული წესით იმართება. მშობლების ინიციატივის შემთხვევაში კი, აუცილებელია მშობლები ინფორმირებული იყვნენ იმ დეტალურ რეგულაციებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც შვილების უსაფრთხო გადაადგილებისათვის უნდა გავითვალისწინოთ“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა.
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა.
აღნიშნულ საკითხზე რეგულაციების გამკაცრების პირობა ხელისუფლებამ გასული წლის ზაფხულში, მას შემდეგ დადო, რაც სასკოლო ექსკურსიების დროს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის 2018 წლის 9 ივნისს, თბილისიდან სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე, ხევიდან გადავარდა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მე-6 კლასის მოსწავლე. ხელისუფლების მიერ კანონმდებლობის დონეზე დაანონსებული ცვლილებების მიუხედავად, პარლამენტს ჯერ მიღებული არა აქვს “ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის ერთ-ერთი თავი საჯარო ღონისძიებებში, მათ შორის სასკოლო ექსკურსიების დროს, ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ეხება.
როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესი სრულდება და საგანმანათლებლო დაწესებულებები ექსკურსიების დაგეგმვას იწყებენ.