logo_geo
eng_logo
სუს-ი: მალხაზ მაჩალიკაშვილმა ძმის შვილს სოსო გოგაშვილზე „მუშაობა“ დაავალა
- +

7 მაისი. 2019. 17:29

 

სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ძმის შვილს მორის მაჩალიკაშვილს სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილზე „მუშაობა“ დაავალა.

 

აღნიშნულის შესახებ განცხადება სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

 

„გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, - განაცხადეს სუს-ში.

 

მათივე განმარტებით, მორის მაჩალიკაშვილი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.

 

„დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმავე მიზნით იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მისი ადვოკატების თხოვნა, გამოკითხვა 4 მაისის ნაცვლად, 7 მაისს ჩატარებულიყო, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე კვლავ უარი განაცხადა. შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას საქმის მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner