logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ველოდები
- +

26 თებერვალი. 2016. 11:22



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ტყიბულში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შეთანხმება მიღწეულია და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაღაროელებს საგადასახადო შერავათები შეუნარჩუნდებათ. ამის შესახებ ჩაფიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ტყიბულის რაიონისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც.

 

„გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ გუშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო შეღავათები მეშახტეებისათვის შენარჩუნდება. არა მხოლოდ ამ ადამიანებისთვის, არამედ ყველა კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანისთვის, რომლებზეც შეღავათები ვრცელდებოდა 2016 წლის პირველ იანვრამდე, შეღავათები შენარჩუნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

 

რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას, ვმუშაობთ ამ საკითხზე, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ დასახლებულ პუნქტებთან მიმართებაში იქნება  მიღებული გადაწყვეტილებები მთის საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.


ჩაფიძე ვარაუდობს, რომ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება და იმედოვნებს,  მოვლენები დრამატულად არ განვითარდება.


„აქცია გრძელდება, რადგან მოლაპარაკების პროცესი გარკვეულწილად გაჭიანურდა. სასურველია, რომ მხარეები გადავიდნენ პრობლემების იურიდიულად მოგვარების სტადიაში. სხვა ტიპის გამოსავალს ვერ ხვედავ. ვხედავ, რომ კომპანისს წარმომადგენლებიც აპირებენ გარკვეულ დათმობებზე წასვლას. ვხედავ, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. საგაფიცვო კომიტეტის მხრიდან წაყენებული მოთხოვნებიც საბოლოოდ ჩამოყალიბებულია. ახლა მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშაონ. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რათა არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ისე დამსაქმებელი.

 

პროცესები ძირითადად მაინც მშვიდობიანად განვითარდა. ორივე მხარემ გამოიჩინა კეთილგონიერება. ძალიან კარგად იმუშავეს სამართალდამცავებმა. აქედან გამომდინარე, მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ველოდები", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner