logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: დიპლომატებმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს
- +

29 მაისი. 2016. 10:05



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე დიპლომატიური ტურის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.



უცხოელ ელჩებს რეგიონის პრეზემტაცია სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ  გააცნო. მან დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელიც რეგიონში განხორციელდა. გუბერნატორმა  მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას და დიპლომატებს სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისთვის.  რეგიონის პრეზენტაციისას ვრცლად ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ, პროექტის მიმდინარეობასა და პოტენციალზე.



დიპლომატებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.  საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა სამეგრელოს რეგიონის როგორც კულტურულ, ასევე ეკონომიკურ მახასიათებლებზე, რეგიონის  საინვესტიციო და ეკონომიკურ პოტენციალზე.  ​



დღეს დიპლომატებმა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 3500-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამეგრელოში. დიპლომატებმა  ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ ტურისტული შესაძლებლობების შესახებ, რომელიც რეგიონშია. ხაზი გაესვა სამეგრელოს რეგიონის მნიშვნელობას ლოჯისტიკური მიმართულებით, სატრანსპორტო მიმართულებით,  მაგალითად  ანაკლიის  ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი საწარმო იხსნება,  პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე არის ორიენტირებული,  ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს რეგიონისთვის. ეს ინფორმაცია საინტერესოა დღეს აქ წარმოდგენილი ელჩებისთვის, როგორც საექსპორტო პოტენციალის გასაცნობად, ასევე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით." - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის დასრულების შემდგომ.



საქართველოში აკრედიტებული 40-მდე რეზიდენტი და არა რეზიდენტი ელჩი "დიპლომატიური ტური 2016" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონს ეცნობა. დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება. ​


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner