logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: „ვიღაც“ შენგელია და რაღაც რულოვსი, ანუ ზუგდიდი მარტივი არჩევანის წინაშე
- +

7 მაისი. 2019. 19:38

 

რამდენიმე კვირის წინათ ერთ მეგობართან, ორი მოწვევის პარლამენტის წევრთან, დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე და საარჩევნო ტექნოლოგიების შესანიშნავად მცოდნე კაცთან ზუგდიდის მერის არჩევნების შესახებ ვსაუბრობდი.

 

- სააკაშვილს კარგად ესმის, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მისი აქტიურობა „ნაცმოძრაობისთვის“ კონტრპროდუქტიული იქნება და ამიტომაც გაიტრუნა, სანდრას კამპანიაში, ფაქტობრივად, არ მონაწილეობს, არადა, „ოცნებამ“ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სააკაშვილი ამ პროცესში როგორმე „შემოიტყუოსო“! - მეუბნებოდა მეგობარი.

 

- ცოტაც მოიცადე, სააკაშვილი დიდხანს ვერ მოითმენს და არავისგან „შემოტყუება“ არ დასჭირდება, თავისით შეჯლიგინდება რულოვსის წინსაარჩევნო კამპანიაში, თავისით დაიწყებს „ოცნებისა“ და მისი კანდიდატის წისქვილზე წყლის დასხმას-მეთქი! - ვუმტკიცებდი მე.

 

- ღმერთმა ქნასო! - მითხრა მეგობარმა.

 

და ჰქმნა ღმერთმა: სააკაშვილი რულოვსის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო და ,,ქართული ოცნების" წისქვილზე წყალს პირდაპირ ჰოლანდიიდან, „სკაიპის“ მეშვეობით ასხამს.

 

ზუგდიდში რულოვსის კინკილა მხარდამჭერებთან „სკაიპით“ საუბრის დროს ნაცების რუმბივით გაგორებული ფალავანი ისეთებს არახუნებს, „ოცნება“ და მისი მერობის კანდიდატი გეგა შენგელია სათავიანთოდ უკეთესს რომ ვერც ინატრებენ.

 

მაგალითად, ამასწინათ, მაგარ „სკაიპში“ მყოფმა სააკაშვილმა ლეპტოპის დესკტოპიდან მომაკვდინებელი ფრაზა გამოსტყორცნა - თუ ზუგდიდის მერი ვიღაც შენგელია გახდება, მე მასთან არ ვითანამშრომლებ, მაგრამ სანდრას თუ აირჩევთ, მასთან ერთად ისე ვიმუშავებ, ზუგდიდელებს აგაყვავებთ და ოქროს სარაიებს აგიშენებთ, ჩემსას რომ მოვრჩები, მერეო!

 

აი, აქ „ოცნების“ პიარტექნოლოგებს შეუძლიათ, ფეხი ფეხზე გადაიდონ და ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად ძალისხმევა აღარ გასწიონ, რადგან მათ გასაკეთებელს მათზე უკეთესად სააკაშვილი აკეთებს.

 

რა უნდა ქნა, რომ ჯერ კიდევ მოყოყმანე ზუგდიდელ ამომრჩეველს „ოცნების“ კანდიდატისათვის ხმის მიცემა გადააწყვეტინო?

 

უნდა უთხრა, რომ ზუგდიდელი შენგელია „ვიღაცაა“ და ჰოლანდიელი სანდრაა ნაღდი ზუგდიდელი.

 

რა უნდა მოიმოქმედო, რომ საშუალო სტატისტიკურ ზუგდიდელს, რომელიც არცერთი პარტიის აქტივს არ ეკუთვნის, შენგელიასათვის ხმის მიცემისაკენ უბიძგო?

 

უნდა უთხრა, რომ ზუგდიდსა და ზუგდიდელებზე გასტროლიორ რულოვსს უფრო შესტიკვა გული, ვიდრე ზუგდიდში დაბადებულ და გაზრდილ ,,ვიღაც" შენგელიას, რომელიც ოჯახით ზუგდიდში ცხოვრობს და თავის სამ შვილს ზუგდიდში ზრდის.

 

ჰოდა, აკეთებს კიდეც ამას სააკაშვილი, როცა გახსნილად ამბობს - „ვიღაც“ შენგელიასთან არ ვითანამშრომლებო!

 

ამაზე მეტი სიკეთე რაღა უნდა გაუკეთოს სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს?

 

ზუგდიდს სწორედ რომ ისეთი მერი სჭირდება, რომელთანაც სააკაშვილი არ ითანამშრომლებს და რომელიც სააკაშვილთან არ ითანამშრომლებს, რადგან სააკაშვილთან თანამშრომლობა რასაც ნიშნავს, ეს ზუგდიდს საკუთარი თვალით აქვს ნანახი და საკუთარ თავზე აქვს ნაწვნევი.

 

სააკაშვილთან თანამშრომლობა ზუგდიდში ახალაიების, მეგისქარდავაებისა და კოხტაკოდუების პარპაშს ნიშნავს!

 

სააკაშვილთან თანამშრომლობა ოდიშის ტყეში მეგრელი ბიჭების გაუპატიურებას ნიშნავს!

 

სააკაშვილთან თანამშრომლობა ზუგდიდიდან ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარებასა და შემდეგ მათი ცხედრების შავ ზღვაში ჩაძირვას ნიშნავს!

 

სააკაშვილთან თანამშრომლობა ზუგდიდელი ბიზნესმენების დატერორებას, ქონების წართმევას, ქვეყნიდან გაძევებასა და სიკვდილს ნიშნავს, როგორც ეს, მაგალითად, კარგ ზუგდიდელს, ცხონებულ თემურ ყორშიას გაუკეთეს!

 

სააკაშვილთან თანამშრომლობა ზუგდიდის მკვიდრთათვის კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ნიშნავს, როგორც ეს, მაგალითად, ანაკლიელებს გაუკეთეს, როცა მამა-პაპისეული მიწები წაართვეს და თან, დაემუქრნენ - ხმის ამოღება არ გაბედოთ, თორემ ციმბირი უკან დაგრჩებათო!

 

მოკლედ, ქაოსს, უკანონობას, უსამართლობას, ძალმომრეობას, მასობრივ ტერორსა და შიშს ნიშნავს სააკაშვილთან თანამშრომლობა.

 

და რა უნდა იყოს ზუგდიდისათვის იმაზე უკეთესი, თუ სააკაშვილი „ვიღაც“ შენგელიასთან არ ითანამშრომლებს და პირიქით - „ვიღაც“ შენგელია არ ითანამშრომლებს სააკაშვილთან და მის ნარჩენებთან?!

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს „ვიღაც“ შენგელიას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა!

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული, ,,ქართულ ოცნებას" ზუგდიდის მერობის კანდიდატად პირველად ჰყავს ისეთი კაცი, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობასთან არც პირდაპირი და არც ირიბი შეხება არასოდეს ჰქონია - არც სააკაშვილის პარტიის წევრი ყოფილა, არც - ახალაიების ზონდერი, არც კუდ-სა და სოდ-ში უმუშავია და საერთოდ, ნაცების დროს არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ გაკარებია.

 

ესეც „ვიღაც“ შენგელიას უპირატესობაა!

 

ასე რომ, არჩევანი „ვიღაც შენგელიასა“ და რაღაც რულოვსს შორის ძალიან მარტივია.

 

ბოლო 7 წლის განმავლობაში ზუგდიდი ასეთი მარტივი არჩევანის წინაშე არ მდგარა!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner