წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.
როგორც გამოცემას KASS LAND-ის დამფუძნებელმა ხანოხ კასსიმ განუცხადა, შუშის ხიდია პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტია, რომელიც კანიონზე აშენდება და მის შუაგულში მიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება.
მხოლოდ ხიდის მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. გარდა ხიდისა, პროექტი აერთიანებს სასტუმროს, რამდენიმე აუზსა და მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ზიპლაინიც.
„აღნიშნული ხიდი ყურადღებას მთელი მსოფლიოდან მიიპყრობს. ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა წალკას აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ. წალკაში განსაკუთრებული ბუნებაა და ის სამწუხაროდ, ქართველებისთვისაც კი, უცხო და აუთვისებელ ლოკაციად რჩება“, – განმარტავს KASS LAND-ის დამფუძნებელი ხანოხ კასსი.
„დაშბაშის კანიონის“ პროექტის განხორციელებისთვის მომავალი 3-4 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება.