მე ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პირველ ეტაპზე 90 ავტობუსი შეგვეძინა, აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან მოემსახურება ქალაქის მცხოვრებლებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, MAN-ის ფირმის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსების წარდგენისას განაცხადა.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ავტობუსების ფერი მოსახლეობამ შეარჩია, გამოკითხვაში მონაწილეობით. ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ყვითელი ავტობუსები „სერიოზული პრობლემა“ იყო.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და შედეგი უკვე გვაქვს სახეზე. ეს არის ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ყვითელი ავტობუსები სერიოზული პრობლემა იყო და არის ქალაქისთვის, როგორც გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ამ ავტობუსებით მგზავრობა არის სერიოზული დისკომფორტი მგზავრებისთვის. ყვითელი ავტობუსები არის წარსული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, რომ არა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
„შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, რომ არა მამუკა ბახტაძე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისთვის. როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებ, თუ ცენტრალური ხელისუფლების, პრემიერ- მინისტრის მხარდაჭერა არ გაქვს, შეუძლებელია ეს გააკეთო. ამიტომ მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ახალი ავტობუსების წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 10-მეტრიანი ავტობუსები სულ გათვლილია 87 მგზავრზე, ხოლო აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე, რომელსაც აქვს სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება
თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ.
მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.
ამავდროულად, გათვალისწინებულია აღნიშნული მარშრუტების მცირედი შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.
ეს ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდება N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.
8 თვეში დედაქალაქს 220 ახალი ერთეული, ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და euro 6 ემისიის სტანდარტისაა.
8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. MAN-ის ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.