საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში პირველ ადგილზე 100-ლარიანია, მეორეზე 50-ლარიანი, მესამეზე კი, 20-ლარიანი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან გაგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ 9 030 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე ექსპერტიზა ჩატარდა, მათგან 6 737 ყალბი აღმოჩნდა.
ყალბი ფულის ნიშნების გადანაწილება ასეთია: ლარის ბანკნოტები – 4 865; ლარის მონეტები – 870; აშშ დოლარი – 608; ევრო – 198; სხვა უცხოური ვალუტა – 196.
ეროვნული ბანკის მიერ გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტებიდან და მონეტებიდან 34.7 პროცენტი 100-ლარიანი იყო; 21.9 პროცენტი – 50-ლარიანი; 16.6 პროცენტი – 20-ლარიანი; 8.2 პროცენტი – 1-ლარიანი მონეტა; 6.9 პროცენტი – 50-თეთრიანი (1993 წლის). გამოვლინდა ყალბი 10, 5 და 200-ლარიანი ბანკნოტებიც, ასევე 10-ლარიანი მონეტაც.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 5.5 პროცენტით, ხოლო აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 3.3 პროცენტით შემცირდა.