„ეს დოკუმენტი არ გამოცემულა ამ კვირაში და დოკუმენტი, რომელიც სალომე სამადაშვილმა აჩვენა საზოგადოებას, რეალურად არ არსებობს“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ევროსაბჭო, საქართველოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობენ.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, სამადაშვილი მოვლენებს ჩამორჩება.
„ქალბატონი სამადაშვილი, მინიმუმ, ორი თვით ჩამორჩება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დოკუმენტი, რომელიც მან აჩვენა საზოგადოებას, ამ კვირაში არ გამოცემულა და რაც მომავალში უნდა გამოიცეს ის თუ აჩვენა ხალხს, არ ვიცი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მან ნამდვილად, მინიმუმ ორი თვით დაიგვიანა იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან შეხვედრა. ჩვენ დეტალურად გვაქვს განხილული ეუთო-ს რეკომენდაციები, რომელიც არჩევნების შემდგომ გამოიცა და ასევე გვქონდა შეხვედრა ამერიკელ პარტნიორებთანაც. ჩვენი პოზიცია, მზადყოფნა, რომ განვიხილოთ და ავსახოთ ეს რეკომენდაციები კანონმდებლობაში, ჩვენ უკვე პარტნიორებთან დაფიქსირებული გაქვს და ეს იცის ოპოზიციამაც. გასაკვირია, ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომელიც მოწესრიგებული ადამიანია და საგარეო მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველიც არ არსებობს. ეს დოკუმენტი არ გამოცემულა ამ კვირაში და დოკუმენტი, რომელიც მან აჩვენა საზოგადოებას, რეალურად არ არსებობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს.
მისი თქმით, საქართველოს, ბოლო პერიოდში როგორც ამერიკიდან ასევე, ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია და ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოში ჩასატარებელი მომავალი არჩევნები.