საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, უმძიმესი დანაშაული მზადდებოდა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეფექტურად აღკვეთა.
დეპუტატის თქმით, თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, მათ შორის უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული.
„პარლამენტი ამ შემთხვევას ყურადღებას მიაქცევს და შედეგებს დაველოდებით“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
კითხვაზე, რატომ არ აკავებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, თალაკვაძე აცხადებს, რომ მედია, სამოქალაქო სექტორი, იურისტები ამ კითხვას სვამენ და საჭიროებას ასაბუთებენ, რომ დაკავების ღონისძიება გატარდეს.
„ვფიქრობ, რომ გამოძიებამ ეს განწყობები ყურადღებით უნდა განიხილოს. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დახურულ რეჟიმში სრული ინფორმაცია მოგვაწოდა და არ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში რაიმე ხელოვნურად ჭიანურდება, დიდი სამუშაოა შესრულებული და საინტერესო მტკიცებულებები წარმოგვიდგინეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.