სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ადგილი, სადაც სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა, შესწავლილი ჰქონდა. როგორც ცნობილია, სუს-ის განმარტებით, აღნიშნული ადგილი გოგაშვილის მამის სასაფლაოა.
როგორც გოგაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მაჩალიკაშვილი მისი ოჯახის განადგურებისთვის „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ემზადებოდა.
„ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალებები გასცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ სად, რა ხდებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, „რატომ მაინცდამაინც სასაფლაოზე“, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის აზრით, მაჩალიკაშვილს სასაფლაო იმის გამო ჰქონდა შერჩეული, რომ „რესტორნებსა და ბარებში სიარულით არ გამოირჩევა“.
„სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და ალბათ, ჩათვალა, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო, რადგან სულ მეგობრებთან ერთად ვმოძრაობ და გახსნილი ცხოვრების სტილით არ ვცხოვრობ, რესტორნებში, ბარებში, საჯარო ადგილებში არ დავდივარ. სამსახურმა რაღაცნაირად ჩამკეტა და სამსახურის შეცვლის შემდეგაც ვაგრძელებ ასე ცხოვრებას. აქედან გამომდინარე ჩათვალა ალბათ, რომ იქ უნდა გაეკეთებინა ეს და თან ეს რაღაცნაირი აქტი იქნებოდა - სასაფლაოზე მასიურ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო“, - აღნიშნა სოსო გოგაშვილმა.