„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა მტკიცებულებებს სწავლობს, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.