„ხელისუფლებისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პროდუქტიული იყო“, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სოსო ფხაკაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ასევე საქართველოში განათლების კუთხით განსახორციელებელი ქმედებები.
„იყო პროდუქტიული შეხვედრა, ჩვენ ბიზნესმენები კარგ შეხვედრას ვეძახით იმ შეხვედრას, რომელსაც შედეგი მოაქვს. დავსვით კონკრეტული შეკითხვები, მივიღეთ პასუხები. ის თემები, რომელიც გადასაწყვეტია, ამაზეც მივიღეთ დაპირებები და ჩვენ კომუნიკაციის სახით ღია ვართ ხელისუფლებასთან და შევეცდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ამ პრობლემას გადავწყვეტთ.
ბევრი საკითხი იყო წამოჭრილი, იყო საგადასახადო თემები, განათლებას დავუთმეთ ძალიან დიდი დრო, რამეთუ, თქვენ იცით, რომ ასიგნებები განათლებაში იქნება ძალიან გაზრდილი, სულ რამოდენიმე წელიწადში ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის 25 პროცენტი და ეს ბუნებრივია ახალ შესაძლებლობებს უჩენს ბიზნესს, რომ ბიზნესმაც მიიღოს ამაში მონაწილეობა და ასევე მეორე, ადამიანური რესურსის განვითარება არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იმისათვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს წარმატებული ეკონომიკა.
ჩვენ ვიძახით, რომ კადრების ნაკლებობაა, მაგრამ მეორეს მხრივ პროფესიული კადრების სერიოზული დეფიციტია ამ ქვეყანაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა განათლების დარგში ჩაიდოს და ამაზე ყველამ ღიად უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების მეორე შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა და მასში ასოციაციის წევრი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.