საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
გივი მიქანაძე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის ახალი რედაქციის ფარგლებში განხორციელდა და დაინერგა.
საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმირების პროცესზე და პარლამენტის კვლევითი და სასწავლო ცენტრების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
გივი მიქანაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხზე- სტაჟირების განახლებულ მოდელსა და თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ეტაპზე, რომლის გავლაც უწევთ სტაჟიორებს იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები აიმაღლონ. პარლამენტის აპარატის უფროსი სტუდენტებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების პროგრამა სთავაზობს ახალგაზრდებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პრაქტიკისა და სამომავლოდ დაგეგმილი კლინიკების შექმნის შესახებ, რომელიც ახლად ჩამოყალიბებული კვლევითი ცენტრის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
გივი მიქანაძის თქმით, დედაქალაქს გარეთ მდებარე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება.
„სწორედ ამ მიზნით, პარლამენტში დამუშავების სტადიაშია დისტანციური სტაჟირების კონცეფცია, რომლის განხორციელებაც 2020 წლიდან იგეგმება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.