logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ვაგრძელებთ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს შევუსაბამოთ
- +

9 მაისი. 2019. 11:14

 

დღეს ჩვენი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ვიპოვოთ გზები ინოვაციებისა და კონფიდენციალობის შეთავსების უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

 

მისი თქმით, ამ საკითხში კოორდინირებული ძალისხმევა გადამწყვეტია.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფი განვითარების ეპოქაში. დღეს ჩვენი გამოწვევა კვლავ იმაში მდგომარეობს, რომ ვიპოვოთ გზები ინოვაციებისა და კონფიდენციალობის შეთავსების უზრუნველსაყოფად, ჩვენი კოორდინირებული ძალისხმევა გადამწყვეტია ისეთი საერთაშორისო სისტემის პირობებში, რომელიც იქნება დაფუძნებული საერთო პრინციპებსა და ეთიკაზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ სარგებელი მონაცემებისგან მათი პასუხისმგებლობით გამოყენებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლებების დაცვა ციფრულ ეპოქაში ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი გამოწვევაა.

 

„პირადი მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს აძლიერებს მოქალაქეების უფლებას და აძლიერებს მათ ნდობას მთავრობისადმი. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო რეგიონში ლიდერი დემოკრატიული ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების მხრივ. ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ აყალიბებს მტკიცე საშინაო დღის წესრიგს და ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს შევუსაბამოთ, მათ შორის, პირადი ცხოვრებისა და მონაცემების დაცვის კუთხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველო აღწევს მდგრად პროგრესს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში, რაც მოიცავს ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას და კონფიდენაციალობისა და მონაცემების დაცვის ჰარმონიზებისთვის კონკრეტული ნიშნულის მიღწევას.

 

„2011 წელს ჩვენ მივიღეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. 2013 წლის შემდეგ გვაქვს მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი ორგანო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირი და საერთაშორისო დონორები მხარს უჭერენ საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტებსა და მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

„ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის. საქართველო ერთ-ერთი პირველია საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების წარდგენის კუთხით, რაც თავისთავად არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მივყვებით ინოვაციებს, თუმცა ამავე დროს, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელობას უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობას ვანიჭებთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც პრემიერმა განაცხადა, მოქალაქეთა საჩივრების, კონსულტაციის მოთხოვნებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის მიერ ჩატარებული შემოწმებების მუდმივი ზრდა ადასტურებს საზოგადოებაში პირადი მონაცემების დაცვის მზარდ მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner