გლობალური გამოწვევები პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში, მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული სტანდარტი და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობა - თბილისში საგაზაფხულო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ევროპული ფორუმია, საქართველო პირველად მასპინძლობს.
საგაზაფხულო კონფერენცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გახსნეს. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ რეფორმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მნიშვნელობას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.
საგაზაფხულო კონფერენციაში საქართველოს 100-მდე მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. მათ შორის არიან ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების და ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებების პირველი პირები. ქართული მხარის მოწვევით დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან სან-მარინოსა და უკრაინის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები.
კონფერენციის მასპინძლები და სტუმრები მსჯელობენ ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი ცხოვრების დაცვა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მონაცემთა დაცვაში. კონფერენციის ფარგლებში ზემოაღნიშნულთან ერთად, განიხილება თურქეთის კონფერენციის წევრად აკრედიტაციის საკითხიც.
საგაზაფხულო კონფერენცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 მაისს დასრულდება.