პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშვნას ულოცავს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის განცხადებები, რომ გვენეტაძემ ეს თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, არის სპეკულაცია.
„მე მინდა ნინო გვენეტაძეს მივულოცო. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. მეც თსუ-ის პროფესორი გახლავართ და მიხარია, რომ ის იქნება ჩემი კოლეგა. აქედან გამომდინარე მთელი სულით და გულით ვულოცავ ამ თანამდებობის დაკავებას.
ოპოზიციის განცხადებები არის სპეკულაცია, რაც მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს ასეთ საკითხებზე და არავის გაკვირვებია, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხორციელდებოდა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ. კლანის წევრების მხრიდან ნინო გვენეტაძეზე ზეწოლა, კობახიძემ უპასუხა, რომ ნინო გვენეტაძემაც ის გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ.
„მე ნინო გვენეტაძეც „კლანის“ წევრი მეგონა, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც დანარჩენმა 8 მოსამართლემ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ. თქვენ გახსოვთ, რომ ვენეციის კომისიამ ამ 9 მოსამართლიდან 8 მოსამართლეს უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას რეკომენდაცია გაუწია. არანაირი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო 9 მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება, არ არსებობს. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისა „რუსთავი 2“, ისევე როგორც „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. „რუსთავი 2“ დღემდე რჩება სააკაშვილის საკუთრებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.