2019 წლის 9 მაისს, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ 5 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავა, ხოლო 1 პირი გააფრთხილა.
პოლიციამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილე, 1958 წელს დაბადებული გ. ნ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ხოლო, 1969 წელს დაბადებული თ. ფ., კომისიის გაფრთხილების მიუხედავად საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით გამოავლინა და გაფრთხილება მისცა.
„სამართალდამცველებმა, ასევე, კონტრაქციის 4 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით: 1983 წელს დაბადებული გ. ო., 1975 წელს დაბადებული კ. კ., 1977 წელს დაბადებული ა. მ. და 1978 წელს დაბადებული გ.მ.
ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია. მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.