„3 და მეტი ავტომობილის მფლობელებისთვის გადასახადის დაწესება მოსახლეობისგან წამოსული იდეაა და დამატებით მსჯელობას საჭიროებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ჰაერის დაბინძურების შესახებ კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, კახა კუჭავამ საუბრისას აღნიშნა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში რეკომენდაციებთან ერთად ის იდეებიცაა წარმოდგენილი, რომელიც მოკვლევის დროს იქნა მიღებული და კომიტეტმა შემდგომი განხილვისთვის საინტერესოდ მიიჩნია.
„მოსახლეობისგან წამოსული იდეა იყო, რომ მათ, ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავთ, გადაიხადონ სპეციალური გადასახადი, ასევე იყო იდეა მაღალძრავიანი მანქანების დაბეგვრის, რადგან ასეთი მანქანები მეტად აბინძურებენ გარემოს, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან წინასწარ არ ვიცით, როგორი ეფექტი ექნება, ამიტომ ამას დამატებითი მსჯელობა და შესაძლო ზეგავლენის შეფასება სჭირდება, სანამ გადაწყვეტილების სახით ჩამოყალიბდება“, - განუცხადა კახა კუჭავამ.
როგორც ცნობილია, გარემოს დაცვის კომიტეტმა გასულ კვირას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება სწორედ იმას, რომ ოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობის მოსაკრებელი დაწესდეს.