logo_geo
eng_logo
ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ
- +

9 მაისი. 2019. 16:55

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილს გამოკითხავენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

პროკურატურის ცნობით, გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება.

 

„2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ-ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.

 

ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში, ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner