„ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამოწვევას ჩვენ პირველ რიგში ვუპასუხებთ სწრაფი, დაჩქარებული, ეფექტური გადაწყვეტილებებით და ჩვენი სამინისტრო ამ თვალსაზრისით გახდება სანიმუშო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, თურნავა განმარტავს, რომ დაჩქარებული და ეფექტური გადაწყვეტილებები და სამინისტროს სერვისების გაციფრულება ის რეზერვია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის გამოიყენებს.
„სწრაფი ეფექტური გადაწყვეტილებები, დაჩქარებული პროექტები, არც ერთი გაჩერებული პროექტი ჩვენთან არ იქნება. ტემპები, მეტი გამჭვირვალობა, სრული გაციფრულება ჩვენი სერვისების, დაწყებული ქონების მართვიდან და პრივატიზაციიდან დამთავრებული წიაღისეულის ლიცენზიების გაცემით. ეს არის ძალიან დიდი რეზერვი, რომელსაც გამოვიყენებთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, არამედ მისი ინკლუზიურობაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა გახდეს ინკლუზიური, ანუ მივიღოთ ზრდა, რომელშიც ყველაა ჩართული და ყველა ოჯახამდეა მისული. ამისთვის ვფიქრობთ აქცენტი გავაკეთოთ ქართული ბიზნესის ინტერესების მეტ და განახლებული ფორმით დაცვაზე შიდა და გარე ბაზრებზე. მეორე მიმართულებაა სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, გაზი, ფიქსირებული ინტერნეტი, ხარისხიანი ელექტროენერგია ყველა ოჯახში,“- განაცხადა ნათია თურნავამ.