logo_geo
eng_logo
ევროპის დღეების ფარგლებში, სემინარი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გაიმართება
- +

9 მაისი. 2019. 18:19

 

10 მაისს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნება სემინარი - „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და    სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე. ღონისძიების მოდერატორი იქნება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

 

სემინარის მუშაობაში მონაწილობას მიიღებს   150-მდე მასწავლებელი დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.

 

პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“  ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.

 

„ევროპის დღეები 2019“  5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner