მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, დღეს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საჩოგბურთო ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი 2019“ დაიწყო.
ტურნირში საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის აპარატის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები და მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მხარს უჭერს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„პარლამენტის ეგიდით იმართება მოყვარულ ჩოგბურთელთა ჩემპიონატი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცხოვრების ჯანსაღი წესი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, საზოგადოების კეთილდღეობას, ფიზიკურ აქტივობას, ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში. ჩვენ გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, ყველას, ვისაც უყვარს სპორტი.
ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ქვეყანაში გვაქვს სულ უფრო მეტი ახალი სტადიონი, გვაქვს უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, ის, რაც ფიზიკურ აქტივობას სჭირდება და გვინდა ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ფიზიკური აქტივობა საჭიროა და მუშაობასთან და შრომასთან ერთად, სპორტი არის ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სპონსორებს და წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ერთად ტურნირში მონაწილეობას იღებენ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე.
„ეს არის ჩოგბურთში საპარლამენტო თასის გათამაშება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ყოველწლიური. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის აპარატს, ჩოგბურთის ფედერაციას და ალექსანდრე მეტრეველის სახელობის კორტებს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი ტრადიცია დავიწყეთ, რაც პოპულარიზაციას მოუტანს ჩოგბურთს, სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავაგრძელოთ“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილი.
„ტურნირის ორგანიზებაში დაგვეხმარა ჩოგბურთის ფედერაცია, რისთვისაც მინდა მათ მადლობა ვუთხრა. ტურნირის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამ თვალსაზრისით, პარლამენტს არაერთი აქტივობა ჰქონია და ეს ტურნირიც არის ერთ-ერთი მათ შორის“, - განაცხადა გიორგი კახიანი.
პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად ტარდება ჩოგბურთში საქართველოს პარლამენტის თასის გათამაშება, რომლითაც პარლამენტი ეხმიანება ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამ სპორტის პოპულარიზაციას.
„გვიხარია, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ვფიქრობ, რომ ტურნირი გახდება ტრადიციული და ყოველწლიურად გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ მასშტაბები და შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტურნირმა საერთაშორისო ხასიათიც მიიღოს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტიდან როგორც დეპუტატები, ასევე აპარატის წარმომადგენლები გვესტუმრონ და მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ტურნირში, 70-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული. ფინალური შეხვედრები კვირას, 12 მაისს გაიმართება და ტურნირის გამარჯვებულს საქართველოს პარლამენტის თასი და სიგელი გადაეცემა.