„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ჩვენ ჩვენი რეაგირება გვექნება," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოკუპირებულ აფხაზეთში დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის ეგიდით ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით.
თუმცა, მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა.
„თვითონ ჩემპიონატის სახელი მიუთითებს, რომ ეს არის თვითაღიარებული ქვეყნების ტერიტორიების ჩემპიონატი და ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის თვითორგანიზებული ღონისძიება. ამიტომ მას ვერ ექნება ვერანაირი მხარდაჭერა ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან და, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ჩვენ ჩვენი რეაგირება გვექნება. მაგრამ ეს არ არის, მგონი, გადამოწმებული ინფორმაცია და ჩვენ ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, გადავამოწმებთ," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია სოხუმის დინამოს სტადიონზე უკვე გაიმართა და რუსულ მედიაში გაშუქდა კიდეც. ღონისძიებას რაულ ხაჯიმბა და საოკუპაციო რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.