შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთისთვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროს ახალი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
„ჩვენი მიზანი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს. გარკვეული შემთხვევების შემდგომ, მას შემდგომ რაც გავაანალიზეთ სტატისტიკური მონაცემები და ვნახეთ, რომ მსუბუქი დაჭრების რაოდენობა იყო გაზრდილი, და ვნახეთ, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზები, ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დღეს ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ახლო მომავალში შევა ძალაში. ძირითადი მიზნები, გახლავთ ის, რომ პირველ რიგში არასრულწლოვნების ცივ იარაღზე წვდომა იყოს შეზღუდული, ნასამართლევი პირების წვდომა იყოს შეზღუდული. შესაბამისად, ამას აქვს ძალზედ სერიოზული პრევენციული ძალა. მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და იმედია პარლამენტში სწრაფად გავივლით ამ ცვლილებებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.