logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი არ არის ჩემი კომპეტენცია, შსს იცავს მართლწესრიგს და ხალხის უსაფრთხოებას
- +

10 მაისი. 2019. 16:56

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება.

 

„მე ვთქვი პარლამენტის ტრიბუნიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როგორც ჩანს სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და არ უნდა მიგვეღო. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ნაბიჯები განსაზღვრული და განპირობებული იყო არა ინვესტორის ინტერესების დაცვიდან, არამედ ინვესტორის თანამშრომლების დაცვიდან გამომდინარე და უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის გარანტიიდან გამომდინარე.

 

მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, დღეს წარმოვადგენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, ან არ უნდა აშენდეს - ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამ კომპეტენციაში მე არ შევალ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვას მართლწესრიგი და ამ ხალხის უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ჩვენ ვასრულებდით იმ დღეს იქ. 

 

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს, ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს, ჩვენ ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ჩვენ მართლწესრიგის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ვაანალიზებთ ყველაფერს, როდის დაიწყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. აქ არ არის საუბარი ერთ დღეზე, აქ საუბარია ყველაფერ იმაზე რაც ამას უსწრებდა წინ. 4 თვე, ერთი წელი, წელიწად-ნახევარი და ამ დასკვნებს ჩვენ წარვუდგენთ როგორც საზოგადოებას, ისე ჩვენს კოლეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner