ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„როდესაც წერილობით განცხადება გავაკეთე, მიზეზი ნათლად მივუთითე და ახლაც, პირველივე სიტყვაში ვახსენე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე. ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადება, რომელიც წერილობით გავაკეთე, დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი, რატომ არ არის ეს განცხადება სარწმუნო. დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა გავაგრძელო“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშვნაზე საუბრისას გვენეტაძემ თქვა, რომ ორი დღეა, ეს პოზიცია დაიკავა და უხელმძღვანელებს მიმართულებას, რომელიც შეეხება სასწავლო პროცესს.