გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბიზნესომბუდსმენის აპარატი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტის ბიზნესთან განხილვებს იწყებენ.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.
ეს კანონი დაარეგულირებს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებასთან, აღმოფხვრასთან და დაზიანებული გარემოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
„მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, შემოგვაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, თუკი საქმიანობის შედეგად, გარემოზე ზიანის მიმყენებელი პირის უკანონო ქმედებით, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, პირი ვალდებული იქნება ეს ზიანი აანაზღაუროს არა თანხობრივად, არამედ შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები. კანონპროექტის მოქმედება და სარემედიაციო ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო არამნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და იქნება მონეტარული. აღნიშნული თანხები კი აკუმულირდება გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში. გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნის მიზანი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა დაისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება. მსგავსი ტიპის გარემოსდაცვითი ფონდები არსებობს პოლონეთში, კანადაში, სლოვენიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში და მათ მიზანსაც სწორედ დაზიანებული გარემოს აღსადგენად განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება წარმოადგენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი დამატებით რეგულაციებს უწესებს ისეთ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც რაღაც ფორმით დაკავშირებულია გარემოზე ზეგავლენასთან. ჩვენი აპარატი, ბიზნესი სრულად ვიზიარებთ მწვანე გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, თუმცა აუცილებელია რომ თითოეული ახალი წესის შესახებ ბიზნესმა წინასწარ იცოდეს და მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციას. მივესალმები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მზაობას გახსნას დიალოგი კერძო სექტორთან. ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები ამ უწყებასთან და ვფიქრობ ერთობლივად მოვახერხებთ, ვიმუშავებთ, რომ გარემოს დაცვით ახალ რეგულაციებს მსხვილი ბიზნესი ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.