წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს.
ვიზიტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასთან ერთად, შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობა.
„აღსანიშნავია, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პოზიტიურად აფასებს პოლიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების პერიოდში პოლიციის, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორების და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებიდან ანგარიშში განსაკუთრებით დადებითად არის აღნიშნული საპატრულო პოლიციის მიერ ახალი სამხრე კამერების გამოყენება და პოლიციის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ასევე, ხაზგასმით დადებითად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა.
კომიტეტი პოზიტიურად აფასებს დროებითი მოთავსების იზოლატორების და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას როგორც იქ განთავსებული პირების უფლებების (მათ შორის დაცვის უფლება, უფლება თარჯიმანზე და ა.შ.) დაცვის, ისე ინფრასტრუქტურის, ჰიგიენური პირობების და სამედიცინო შემოწმებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხაზგასმულია დაზიანებების აღრიცხვის და დოკუმენტირების წესის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
რაც შეეხება კომიტეტის სამომავლო რეკომენდაციებს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიმართ, აღნიშნული ძირითადად მიმართულია არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ და ეხმიანება ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი სამინსიტროს მიერ უკვე შესრულებულია“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.