logo_geo
eng_logo
პარლამენტი საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელის“ პროექტის განხილვას იწყებს
- +

29 მაისი. 2016. 19:33



პარლამენტი საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელის" პროექტის განხილვას იწყებს. "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია "რესპუბლიკელების" მიერ არის ინიცირებული, ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილავან. პროექტს კომიტეტის წევრებს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე წარუდგენს.



ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად. ე.წ გერმანული მოდელის თანახმად, პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.



„გერმანული მოდელის" მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში ადგილს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პროპორციული წესით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.


პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ. საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.



იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული სისტემით მანდატები მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული მანდატების ნამატი, გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.



პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით.



ასევე პროექტით, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით 6-ზე ნაკლები მანდატი მოიპოვა, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.



ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.



"რესპუბლიკილების" მიერ ინიცირებულ პროექტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner