logo_geo
eng_logo
აფეთქებული „გამარჯვების მემორიალი“ და ვანდალიზმს შეწირული დედა-შვილი
- +

11 მაისი. 2019. 01:10

 

 

„ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური სკულპტურის ადგილს მალე საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა დაიკავებს. წინა საუკუნეში შექმნილი კონსტრუქცია ისტორიას მხოლოდ ფოტოებისა და მოგონებების სახით შემორჩება. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივას – საქართველოს პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადმოვიდეს, ცნობილი მოქანდაკის სკულპტურა ეწირება.

 

„გამარჯვების მემორიალს“ რამდენიმე დღეა, ანგრევენ. უკვე აიღეს მემორიალის წინ აღმართული ცხენოსანი „მზეჭაბუკის“ ქანდაკება, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, სპორტის სასახლესთან უპირებენ გადატანას.  მემორიალის მთავარი ნაწილი კი განადგურდება. როგორც ამბობენ, მის დანგრევას მხოლოდ აფეთქების გზით თუ შეძლებენ.

 

მემორიალი ქუთაისში 1980-იანი წლებში დაიდგა და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას მიეძღვნა.

 

„გუშინდელი დღესავით მახსოვს დიდების მემორიალის გახსნა. მაშინ მთელი საქართველო ქუთაისში შეიკრიბა და დიდი ზეიმი ჩატარდა. ყურადღების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ამ ძეგლის შემქმნელი მერაბ ბერძენიშვილი იყო. ცერემონიის დროს თეთრი მტრედი მოფრინდა და მოქანდაკეს მარჯვენა მხარზე დააჯდა. თითქოს ეს იყო სამადლობელი ქუთაისის და მთელი საქართველოს სახელით ამ უდიდესი ხელოვანის მიმართ. ეს ძეგლი გახლდათ ბრძოლისა და სიყვარულის სიმბოლო. დღეს კი, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ამ ძეგლის განადგურება გადაწყვიტეს. გადაწყვეტილება მტკიცეა და ვგრძნობ, რომ წინააღმდეგობის გაწევას, უბრალოდ, აზრიც არა აქვს“, – ასეთ განწყობაზე აყენებს ძეგლის დემონტაჟი ქუთაისელ თენგიზ გორგაძეს.

 

თუმცა, როგორც ჩანს, რიგით ქუთაისელთა განწყობა ხელისუფლებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.  მეორე დედაქალაქად წოდებულ ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის სამზადისი თითქმის ერთი თვეა, დაიწყო და ახლა ქალაქის განაპირა უბანში ტერიტორიის გასუფთავება მიმდინარეობს. გეგმა ასეთია – სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და ერთი წლის თავზე პარლამენტარები უკვე ქუთაისში შეიკრიბებიან რიგი გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

ხელისუფლების ინიციატივას ქუთაისში ბევრი არ იწონებს. იდეა, რომელსაც ავტორი და მისი გუნდი სამომავლოდ ქალაქის გაცოცხლებასა და ფუნქციურად დატვირთვას უკავშირებს, ქუთაისელთა ნაწილს მაინცდამაინც არ მოსწონს. ამბობენ, რომ სჯობს, იმ თანხით, რაც აღნიშნულ საქმეს დასჭირდება, ფაბრიკა-ქარხნები აამუშავონ და ხალხი დაასაქმონ. გარდა ამისა, მოქალაქეები შეწუხებულნი არიან, რომ პარლამენტის მშენებლობას ქუთაისის ისტორია ეწირება და ეს, თავისთავად, არასწორი გადაწყვეტილებაა.

 

„მთელი რიგი პრობლემების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, რა თქმა უნდა, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ვგულისხმობ ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენი ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას და ა. შ. ეკონომიკური კრიზისიც რომ არაფერ შუაში იყოს, იდეის დონეზეც კი, ეს პარლამენტის დისკრედიტაციად მიმაჩნია. ზუსტად იგივე მოსაზრება მაქვს კონტროლის პალატასთან დაკავშირებითაც. როცა მსგავსი დაწესებულებების 90%-ზე მეტი დედაქალაქშია, რა უნდა პარლამენტს, ან კონტროლის პალატას ქუთაისში? ეს არის მათი დაკნინების მცდელობა და სხვა არაფერი. მთელ მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, სადაც პარლამენტი დედაქალაქის მიღმა მდებარეობდეს“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი ნოდარ ჯიქია.

 

მისივე თქმით, თუ გადავხედავთ ჩვენი პარლამენტის ძირითად შემადგენლობას, ვნახავთ, რომ გვყავს ნახევარი მაჟორიტარები და ნახევარი პარტიული სიის დეპუტატები. ანუ, პარლამენტის აპარატიდან გარკვეული თანხის გამოყოფა უნდა მოხდეს, რათა ისინი ბინებით იყვნენ უზრუნველყოფილი. ეს კი ზედმეტი ხარჯია, რომელიც რეალურად ჯერ გათვლილიც არ არის და საბოლოო ჯამში რამდენი იქნება, კაცმა არ იცის. გარდა ამისა, პლენალური სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს. ე.ი. გამოდის, რომ იქ კიდევ ცალკე აპარატის ხარჯებია  გასათვალისწინებელი: „მოკლედ, ეს იქნება სამარშრუტო ტაქსით მოარული აპარატი, რომელიც დღეს ქუთაისში გამართავს სხდომებს და ხვალ თბილისში. ანუ, ეს ყველაფერი უკავშირდება გაბერილ, კოლოსალურ თანხებს  და ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის სხვა არაფერია, თუ არა ზედმეტი ხარჯი“.

 

მიუხედავად საზოგადოების განწყობისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ე.წ. დიდების მემორიალის ტერიტორია „სიძველეებისგან“ სრულიად გაწმენდილი უნდა იყოს.

 

ქუთაისელებს უკვირთ, იმხელა ტერიტორიაზე რაღა მაინცდამაინც მერაბ ბერძენიშვილის ძეგლს მიადგნენ და რატომ არის ასე აუცილებელი ქალაქის ისტორიის უგულებელყოფა?

 

აფეთქების შედეგად, რომლითაც ქუთაისში ”დიდების მემორიალის” დემონტაჟი მოხდა, დედა და მისი 11 წლის გოგო დაიღუპა. მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, განაცხადა, რომ ტრაგედია, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც იტყობინებიან, აფეთქების შედეგად რამოდენიმე ადამიანია დაშავებული, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ უცნობი რჩება. 46-მეტრიანი მონუმენტის დემონტაჟი იმ მიზნით განხორციელდა, რომ იმ ადგილას პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, მომხდარიყო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის დემონტაჟი, ოპოზიციური პარტიების პროტესტს იწვევდა. 18 დეკემბერს მემორიალთან პროტესტის ნიშნად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი მოსაზრების გათვალისწინების გარეშე იყო მიღებული. მემორიალის დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოები 12 დეკემბერს დაიწყო და როგორც ქართული მედია იტყობინებოდა, საბოლოო ფაზა, რომელიც კომპლექსის ძირითადი ნაწილის აფეთქებას მოიცავდა, 21 დეკემბერს იყო დაგეგმილი. მემორიალის დემონტაჟის გამო განცხადებები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელეს. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მემორიალის დემონტაჟი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისადმი საქართველოს ხელისუფლების ”უპატივცემულო” დამოკიდებულების გამოვლენა იყო. 18 დეკემბერს ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს საგარეო უწყებამ კომენტარი გაავრცელა, რომლიდანაც არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება რომ მემორიალის აფეთქება იყო დაგეგმილი. წერილობითი კომენტარის სათაურია ”ქუთაისში დიდი სამამულო ომის მებრძოლების ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით”.

 

თავად ტექსტში კი ნათქვამია: ”გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძეგლი ძლიერ დაზარალდა 90-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები. ამის შედეგად, აღნიშნული მემორიალი საჭიროებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.” კომენტარში ასევე ნათქვამია: ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია უზნეო ჩვევა მუდმივად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.” როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, კომენტარში მოყვანილი “გადატანა” და “რეაბილიტაცია” ეხებოდა მემორიალური კომპლექსის “მთავარ ნაწილს” – მხედრის ძეგლს და არა აფეთქებულ ნაწილს”.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner